fbpx

რა იწვევს ვალუტის კურსის ცვლილებას?

“დოლარმა აიწია”, “ევრომ დაიწია”, “ლარი გამყარდა”, “ეროვნული ვალუტა გაუფასურდა” და მსგავსი ფრაზები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

საზოგადოების ნაწილს სესხი აშშ დოლარში ან ევროში აქვს აღებული, ხოლო შემოსავალი ყოველთვიურად ლარში ერიცხება. ნაწილს საზღვარგარეთ მყოფი ემიგრანტი უგზავნის უცხოურ ვალუტაში ფულს, ზოგი იმპორტირებულ პროდუქტს ყიდის, ზოგსაც კი, ექსპორტზე გააქვს ქართული პროდუქტი.
არ აქვს მნიშვნელობა - მეწარმე ხარ, სტუდენტი, თუ დაქირავებული თანამშრომელი, ლარის გაცვლითი კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან, ყოველდღიურად ახდენს გავლენას ჩვენს გადაწყვეტილებებზე და ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაზეც კი.

ბევრისთვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, სავალუტო ჯიხურებსა და ბანკებზე განთავსებული ციფრები გაუგებარი შინაარსის არითმეტიკაა, ბევრი ფიქრობს რომ ამ ციფრებს ყოველდღიურად მთავრობა გვიდგენს. სწორი წარმოდგენა კი, თუ რის საფუძველზე დგება ყოველდღიურად ახალი გაცვლითი კურსი, ალბათ არცთუ ისე ბევრ ადამიანს აქვს.

გაცვლით კურსზე საუბრისას, პირველი რასაც უნდა შევეხოთ არის ფიქსირებული და მცურავი გაცვლითი კურსი. მაგრამ, ამ ორ გაცვლით კურსს შორის სხვაობაზე საუბარი შორს და ბევრისთვის გაუგებარ ტერმინოლოგიის გამოყენებასთან მიგვიყვანს.

რადგან დღეს ჩვენი ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე ვსაუბრობთ, მოცემულობად მივიღოთ, რომ ჩვენთან, ისევე როგორც თითქმის ყველა თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, მცურავი გაცვლით კურსი მოქმედებს. შესაბამისად, ყველაფერი რასაც ქვემოთ წაიკითხავთ, ეხება მცურავ გაცვლით კურსს.
ძალიან რომ გავამარტივოთ შევხედოთ გაცვლით კურსს როგორც ფასს. ყოველდღიურად, ჩვენ ვიძენთ სხვადასხვა ნივთს, მაგალითად პურს, ყავას, საწვავს და ა.შ. თითოეული შენაძენის შემთხვევაში ჩვენ გარკვეულ ფასს ვიხდით ერთ ერთეულ შეძენილ პროდუქტში. ანალოგიურად ვიხდით ფასს ერთ ერთეულ უცხოურ ვალუტაში. თუ ჩვენ გვინდა ვიყიდოთ ერთი აშშ დოლარი, ამისთვის უნდა გადავიხადოთ შესაბამისი ფასი და სწორედ ეს ფასი არის ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში.

თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფასი დგინდება მოთხოვნისა და მიწოდების მიხედვით. რაც მეტია მოთხოვნა ფასი იწევს ზემოთ, ხოლო პირიქით რაც მეტია მიწოდება ფასი იწევს ქვემოთ. ეს არის თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის “აი ია”, რაც არეგულირებს ფასებს ასეთი ტიპის ეკონომიკებში. ამ სქემის უკან კი ძალიან მარტივი ლოგიკა დგას. მაგალითად, მე მაქვს ორი პური, ხოლო ამ ორი პურის შეძენის მსურველი არის ათი ადამიანი. მე, ამ ორ პურს ვყიდი იმ ორ ადამიანზე რომელიც ყველაზე მაღალ ფასს გადაიხდის. მარტივი აუქციონის პრინციპი მუშაობს და შესაბამისად, რაც მეტია შეძენის მსურველი მით მაღალია ჩემი შანსი რომ ჩემი ორი პურის ფასი უფრო და უფრო მაღლა ავიდეს. მაგრამ, არსებობს რაღაც ზედა ზღვარი, რის ზემოთაც პურში უფრო მაღალი ფასის გადახდის სურვილი აღარავის ექნება. სწორედ ეს არის ის წონასწორული ფასი რა ფასადაც მე შევძლებ ჩემი ორი პურის მიყიდვას ათ მსურველზე და პირიქით, თუ იგივე პურს ჩემს გარდა კიდევ ყიდის ათი ადამიანი, ხოლო მყიდველი არის მხოლოდ ორი, ის ორი ადამიანი იყიდის პურს იმისგან, ვინც ყველაზე დაბალ ფასს შესთავაზებს. შესაბამისად, ჩემი პურის ფასი დაიწევს. აქაც არის მინიმალური ფასი, რაზე ნაკლებ ფასადაც არც ერთ ჩვენგანს არ ენდომება პურის გაყიდვა და ასე დადგინდება წონასწორული ფასი. სწორედ ეს მარტივი ლოგიკა დგას ნებისმიერი ფასის წარმოქმნის უკან და გამონაკლისი არც უცხოური ვალუტის ფასია. იგივე პრინციპით დგება ყოველდღიურად აშშ დოლარის ფასი, განსაზღვრული ჩვენს ეროვნულ ვალუტა - ლარში.

ხშირად შევხვდებით საუბარს გაცვლითი კურსის პროგნოზების შესახებ. ადამიანები ცდილობენ გამოიცნონ მომავალში რა მიმართულებით წავა გაცვლითი კურსი, რათა შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღონ. მაგალითად: მაშინ შეიძინონ სესხის გადახდისთვის საჭირო ევრო, როდესაც ყველაზე იაფია, ან ისეთ დროს გაყიდონ უცხოეთიდან გამოგზავნილი აშშ დოლარი, როდესაც ყველაზე ძვირი ღირს.
ხშირად ადამიანების მიმართ, ვისაც საბანკო სფეროსთან ან ფინანსებთან რაიმე ტიპის შეხება აქვს, დაისმის შეკითხვა “რას ფიქრობთ, კურსი რას იზამს, კიდევ აიწევს ან დაიწევს?“ თუმცა, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ გაცვლითი კურსის მოკლევადიანი პროგნოზირება, ფაქტობრივად შეუძლებელია, თუნდაც ყველაზე სრულყოფილი ეკონომიკური ანალიზის შედეგადაც კი. საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ვალუტის კურსს განსაზღვრავს ისეთი ფუნდამენტური ფაქტორები, როგორებიცაა მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა, ქვეყნის მიმდინარე ანგარიში, რეალური საპროცენტო განაკვეთი, ინვესტიციების შემოდინება, ეკონომიკური ზრდა, ინვესტიციებისა და დანაზოგების ბალანსი და ა.შ. შესაბამისად, ამ პარამეტრებზე დაყრდნობით საშუალო და გრძელვადიან პერიოდში შესაძლებელია ეკონომიკური ანალიზის შედეგად გაცვლითი კურსის მიახლოებითი პროგნოზირება. მოკლევადიან პერიოდში კი, გაცვლითი კურსი ქაოტურია და ფუნდამენტურ ფაქტორებთან ერთად დამოკიდებული ხდება ბაზრის მონაწილეთა მოლოდინებზე და განწყობებზე, რაც ხშირ შემთხვევაში რთულად პროგნოზირებადია, რადგან გაცილებით სწრაფად ცვალებადია ვიდრე ფუნდამენტური ფაქტორები. აქედან გამომდინარე, მოკლევადიან პერიოდში გაცვლითი კურსს ახასიათებს შემთხვევითი სვლის დინამიკა და არის შემთხვევები, როცა მოკლევადიან პერიოდში მნიშვნელოვანი გადახრაც კი ხდება ფუნდამენტური ფაქტორებით გამოწვეული წონასწორული ფასიდან.
და მაინც, სად და ვინ ადგენს ლარის გაცვლით კურსს მაგალითად აშშ დოლართან მიმართებით? ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რაც ზემოთ ვახსენე, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დგება ბლუმბერგის Bmatch სავალუტო პლატფორმაზე, სადაც ყოველდღიურად იდება გარიგებები მოთხოვნის შესაბამისად ამა თუ იმ ვალუტის შესყიდვაზე.  სწორედ ამ პლატფორმაზე იყრის თავს ქვეყნის მასშტაბით არსებული მოთხოვნა და მიწოდება, რადგან აღნიშნულ ბაზარზე უკვე 2020 წლის 1 ოქტომბრიდან მონაწილეობის უფლება აქვს როგორც საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ასევე კომპანიებს.

ზევით