fbpx

მსოფლიო მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე

15 მარტს მსოფლიო მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.  თარიღი 1962 წლის 15 მარტს აშშ პრეზიდენტის ჯონ კენედის კონგრესისადმი მიმართვას უკავშირდება, როდესაც მან მომხმარებელთა უფლებებზე ისაუბრა.

21 წლის შემდეგ, 1983 წლის 15 მარტს, მომხმარებელთა უფლებების დაცვის ორგანიზაციებმა დაიწყეს ამ დღის აღნიშვნა. 1985 წელს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, სადაც ოფიციალურად გაიწერა მომხმარებელთა უფლებები, რაც კიდევ უფრო გაფართოვდა ჯერ 1999, ხოლო შემდეგ 2015 წელს.

 

დღეისათვის მომხარებელთან უფლებების სია შემდეგია:

  • ხელმისაწვდომობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქციასა და მომსახურებაზე.
  • ინკლუზიურობა -- მომხმარებელთა მოწყვლადი ჯგუფების დაცვა.
  • უსაფრთხოება -- ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკებისაგან დაცვა.
  • ეკონომიკური ინტერესების დაცვა - მოტყუებისა და მატერიალური ზიანის რისკებისაგან დაცვა.
  • ამომწურავი ინფორმაციის მიღების უფლება -- მკაფიო და ზუსტი ინფორმაცია სწორი არჩევანის გასაკეთებლად.
  • სამომხმარებლო განათლების მიღების უფლება -- დახმარება ამა თუ იმ სამომხმარებლო ქცევის შედეგების გაგებაში.
  • ანაზღაურება -- დავების მოგვარებისა და ზიანის ანაზღაურების ეფექტიან მექანიზმებზე წვდომა.
  • წარმომადგენლობა -- გაერთიანების თავისუფლება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში აზრის გათვალისწინება, აგრეთვე, დაცვის უფლება
  • მდგრადობა -- მდგრადი მოხმარების პოპულარიზაცია.
  • ელექტრონულ კომერციასთან დაკავშირებული უფლებები -- მომხმარებელთა თანაბარი დაცვა, როგორც ტრადიციული, ისე ონლაინ ვაჭრობისას.
  • პერსონალური ინფორმაცია -- მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციის დაცვა.

საერთაშორისო დღეების დაწესება და შემდგომ აღნიშვნა ძირითადად ემსახურება ამა თუ იმ საკითხის მიმართ საერთაშორისო ყურადღების მიპყრობას, ცნობადობის ზრდას და შესაბამისად კონკრეტულ საკითხში სიტუაციის უკეთესობისკენ ცვლილებას. დავფიქრდეთ, ვიცოდით თუ არა ასეთი დღის არსებობა ამ ბლოგის წაკითხვამდე, ან სულაც ჩავატაროთ მცირე კვლევა ჩვენ გარშემო რამდენ ადამიანს სმენია თუ რას აღნიშნავს მსოფლიო 15 მარტს აგერ უკვე რამდენიმე ათეული წელია. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ დღის არსებობა მკითხველს ან მკითხველის სამეგობრო წრეს იშვიათ შემთხვევაში თუ გაუგია. ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ მეტი გავიგოთ ჩვენი, როგორც მომხმარებლების უფლებების შესახებ, მით უმეტეს, რომ საქართველოში ეს უფლებები ძალიან ხშირად არის დარღვევის მსხვერპლი.

პირველი და უმთავრესი რჩევა ფინანსური ორგანიზაციების მომხარებლებისთვის არის - იყავით რაც შეიძლება ცნობისმოყვარე ორგანიზაციასთან ამა თუ იმ ხელშეკრულების დადებისას, წაიკითხეთ დეტალურად თუ რაზე აწერთ ხელს, რა ვალდებულებებს იღებთ ორგანიზაციის მიმართ და რა უფლებები არის გაწერილი ხელშეკრულებაში. გახსოვდეთ, რომ კითხვის დასმა არ არის უხერხული ან სასირცხვილო, იკითხეთ ყველა დეტალი რასაც ვერ გაიგებთ ხელშეკრულებაში და რაც მთავარია მანამ, სანამ მოაწერთ ხელს. და მაინც, თუ თვლით რომ ესა თუ ის ფინანსური ორგანიზაცია არღვევს თქვენს უფლებებს - აუცილებლად დაუკავშირდით საკონსულტაციოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მომხარებელთა უფლებების დაცვის განყოფილებას წერილობით, ელექტრონული ფოსტით cp@nbg.gov.ge ან ცხელი ხაზის 032 2 406 406 მეშვეობით.

ზევით