fbpx

რა იწვევს ოქროს შეფასების ცვლილებას?

ოქრო ერთ-ერთი ყველაზე ძველი მეტალია, რომელიც პირველად ძვ. წ. 40,000 წელს გვხვდება ისტორიულ წყაროებში. თუმცა, მისი პირველი გამოყენება, როგორც ბარტერული გაცვლის ინსტრუმენტი, საერთაშორისო ვაჭრობაში მხოლოდ ძვ. წ. 1,500 წელს გვხვდება ეგვიპტეში.

ამის შემდეგ ოქრო აქტიურად გამოიყენებოდა სხვადასხვა ქვეყნის მონეტების მოსაჭრელად. ოქროს მოპოვება ეტაპობრივად ხდებოდა მომგებიანი საქმიანობა და ბევრი საინტერესო აღმოჩენაც სწორედ  ოქროს მაძიებელთა ექსპედიციებს უკავშირდება.  

ეტაპობრივად ოქროს მონეტები სხვა მეტალის მონეტებმა და ქაღალდის ფულმა ჩაანაცვლა. ოქრო კი,  ასეთი ტიპის ვალუტების გამამყარებელ რეზერვად იქცა. მე-19 ს-ის ბოლოსა და მე-20 ს-ში მსოფლიოს დიდ ნაწილში ოქროს სტანდარტი მოქმედებდა. რაც გულისხმობდა, რომ სახელმწიფოს მიერ გამოშვებული ეროვნული ვალუტა მის საკუთრებაში არსებული ოქროს რეზერვის ექვივალენტი უნდა ყოფილიყო. ოქროს სტანდარტის მიხედვით, მოქალაქეს შეეძლო ქაღალდის ფული მიეტანა ბანკში და მიეღო შესაბამისი ოდენობის ოქრო. თუმცა მოგვიანებით, I მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ბევრმა ქვეყანამ თქვა უარი ოქროს სტანდარტის გამოყენებაზე, 30-იანი წლებში ოქროს სტანდარტზე უარი თქვა  დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა, 1976 წელს კი აშშ-მ.

სწორედ 70-იანი წლებიდან დაიწყო ოქროთი თავისუფალი ვაჭრობა მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე. დღეისათვის, მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა აღარ იყენებს მონეტარულ პოლიტიკაში ოქროს სტანდარტს.

ოქრო დღეისათვის  არა მხოლოდ საინვესტიციო და საიუველირო მიზნებისთვის გამოიყენება, არამედ, მისი გამოყენება აქტიურად ხდება ელექტრონული და სამედიცინო მოწყობილობების შექმნისას, რაც მოთხოვნას ოქროზე კიდევ უფრო ზრდის.

ოქროს საერთაშორისო ფასი ბირჟებზე გამოისახება როგორც 1 უნცია ოქროს ფასი, რაც ჩვენი საზომით არის 28.95 გრამი. ბოლო 50 წლის განმავლობაში ოქროს ფასს რომ გადავხედოთ ერთი უნცია ოქროს ფასი 100 აშშ დოლარზე ნაკლები ნიშნულიდან 2020 წლის სექტემბერში 2,050 აშშ დოლარამდე ავიდა, რაც ყველა დროის ყველაზე მაღალი ფასი იყო. მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის სექტემბრის შემდეგ ფასმა დაახლოებით 200 აშშ დოლარით დაიკლო და დღეისთვის დაახლოებით 1,850 აშშ დოლარს შეადგენს. ითვლება, რომ ოქროს ფასი კვლავაც რჩება როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ბოლო ათწლეულების განმავლობაში.

ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენი შეხება ოქროსთან შეიძლება ამა თუ იმ სამკაულით შემოიფარგლებოდეს, თუმცა ბევრი ჩვენგანი ასევე ხშირად იყენებს ოქროს ლომბარდს, ზოგიც კი ოქროს როგორც გრძელვადიან ინვესტიციას ისე უყურებს და ყიდულობს ოქროს ფიზიკურად ან ფასიანი ქაღალდების სახით და ინახავს სეიფში ან საინვესტიციო ანგარიშზე. შესაბამისად ის თუ რა იწვევს ოქროს ფასის ცვლილებას ბევრი ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანი საკითხია.

ოქროს ფასი, საერთშორისო ბირჟებზე, დგინდება მოთხოვნისა და მიწოდების შესაბამისად. თუმცა მოთხოვნისა და მიწოდების გარდა ბევრი ფაქტორი შეიძლება ახდენდეს გავლენას ფასის წარმოქმნაზე, როგორიცაა აშშ დოლარის კურსი, მსოფლიო ეკონომიკური ტენდენციები და ოქროს მოპოვებისა და რეზერვების პოლიტიკა.

საქართველოში, ერთი გრამი ოქროს ფასის განსაზღვრისას, მნიშვნელოვანია ერთი უნცია ოქროს ფასი საერთაშორისო ბირჟებზე, რადგან ადგილობრივი ფასი მიბმულია საერთაშორისო ბაზარზე, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში, ფასზე ასევე ძალიან მოქმედებს ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან.

ლოგიკურიც არის, რომ როდესაც ფასის განსაზღვრა ხდება ქართულ ლარში და ამ დროს ხდება ლარის გაუფასურება - ლარში განსაზღვრული ფასი  იზრდება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა და მიწოდება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, პანდემიურ პერიოდში დაიკლო ოქროზე მოთხოვნამ, რამაც გარკვეულწილად ამორტიზაცია გაუკეთე ერთის მხრივ საერთაშორისო ბაზრებზე ოქროს გაზრდილ ფასს და მეორე მხრივ, ლარის მკვეთრ გაუფასურებას.

ზევით