fbpx

როგორ ავირჩიოთ სანდო ფინანსური პარტნიორი

რას ვაკეთებთ როცა ფული გვჭირდება? ვურეკავთ ოჯახის წევრს, მეგობარს ან მეზობელს ან მივდივართ საფინანსო ორგანიზაციაში და ვარკვევთ შეგვიძლია თუ არა კონკრეტული თანხის სესხად აღება. სესხები მრავალი სახის არსებობს, თუმცა უმეტესობას აქვს რიგი წინაპირობები, რაც ჩვენს რეალობაში, ხშირ შემთხვევაში, რთული დასაკმაყოფილებელია. ასე მაგალითად, სხვადასხვა სესხის აღებისთვის აუცილებელია სტაბილური შემოსავალი და კარგი საკრედიტო ისტორია. ამიტომ, ისტორიულად წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასესხო პროდუქტი საქართველოში არის სალომბარდე სესხი, რაც გულისხმობს სესხის აღებას მხოლოდ კონკრეტული ნივთის გარანტიით, მისი ღირებულების საფუძველზე. სწორედ სალომბარდე სესხზე, კონკრეტულად კი ოქროს ლომბარდზე მოგიყვებით დღევანდელ ბლოგში.

ოქროს ლომბარდი გულისხმობს ოქროს ნივთის გარანტიით, ოქროს ნივთის ღირებულებიდან გამომდინარე კონკრეტული თანხის სესხად აღებას, ხოლო კონკრეტული ოქროს ნივთის საფინანსო ორგანიზაციის ლომბარდში დატოვებას. საკუთარი ნივთის ლომბარდში დატოვების პროცესი, რა თქმა უნდა , დაკავშირებულია ერთგვარ სტრესთან, ზოგ შემთხვევაში შიშთანაც კი, რადგან ხშირად ეს ნივთები ჩვენთვის იმაზე მეტ ღირებულებას ატარებს, მისი ისტორიის გამო, ვიდრე რეალური ღირებულება აქვს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ლომბარდის შერჩევისას გავითვალისწინოთ რიგი ასპექტებისა და ჩვენთვის ძვირფასი ნივთები მივანდოთ ორგანიზაციას რომელიც ამ ასპექტებს სრულად აკმაყოფილებს.

პირველი და უმთავრესი რაც უნდა გავითვალისწინოთ არის სანდო საფინანსო ინსტიტუტის შერჩევა. ძალიან მნიშვნელოვანია ენდობოდეთ კომპანიას ვისგანაც იღებთ სესხს და სადაც ტოვებთ თქვენს ოქროს ნივთს. ამისათვის კი გირჩევთ, რომ გაეცნოთ კომპანიის შესახებ ინფორმაციას წინასწარ. მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ კომპანიის სტაბილურობაში. მოიძიეთ კომპანიის ისტორია, რამდენი წელი ოპერირებს ბაზარზე, დარწმუნდით რომ აქვეყნებს ფინანსური ანგარიშგებებსა და აუდიტის დასკვნებს ყოველწლიურად, რაც როგორც წესი მარტივად ხელმისაწვდომი უნდა იყოს კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ასევე გადახედეთ მომხმარებელთა გამოხმაურებებს, რათა ნახოთ რამდენად დაცულია მომხმარებელთა უფლებები თქვენს მიერ შერჩეულ ფინანსურ ორგანიზაციაში. გირჩევთ, მეტად ენდოთ კომპანიებს რომელთაც ბაზარზე ყოფნის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვთ, ყურადღებას აქცევენ კომპანიის ბრენდის განვითარებასა და წინსვლას, რადგან ასეთი კომპანიები, როგორც წესი მეტად არიან ორიენტირებული მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია დროსთან ერთად სტაბილური საფინანსო ინსტიტუტის სახელის მოპოვება და განმტკიცება, შესაბამისად თქვენი ქონება და უფლებები ასეთ კომპანიებში გარანტირებულად არის დაცული.

ოქროს ლომბარდით სარგებლობამდე, ასევე მნიშვნელოვანია გაიგოთ რა არის მიმდინარე საბაზრო პროცენტი, რას გთავაზობენ ამ ტიპის სესხზე სხვადასხვა მსხვილი საფინანსო ორგანიზაციები, რათა თავი აარიდოთ განსაკუთრებით მაღალ საპროცენტო განაკვეთში თქვენი ნივთის დალომბარდებას.

ბლოგში მოცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით, თქვენ შეძლებთ ოქროს ლომბარდი გამოიყენოთ თქვენი საჭიროებების მიხედვით, მაქსიმალურად ეფექტურად, მინიმალური დანახარჯებით და რაც მთავარია იძინოთ მშვიდად, როცა იცით რომ თქვენი ოქრო საიმედო და სტაბილური ფინანსური ორგანიზაციის ხელშია.

ზევით